უსაფრთხო სკოლა
საინფორმაციო ბუკლეტი

მანდატური
(ლათ. mandaturus), ადმინისტრაციული აპარატის დაბალი მოხელე ფეოდალურ საქართველოში. ტერმინი „მანდატური“ ქართულ ისტორიულ წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით, „მანდატური სამასი სახლი არის ამიერ და იმიერ... სამნი აზნაური არიან... და სხვაჲ ყველა გლეხია“. მანდატურები მანდატურთუხუცესს ექვემდებარებოდნენ. მათ ევალებოდათ სავაზირო შენობის დაცვა სხდომების დროს, საპატიო მგზავრის გაყოლა, სამეფო ზვრების სამუშაოთა ხელმძღვანელობა და სხვა. მანდატური თავის სამოხელო ნიშანს - არგანს ატარებდა. გვიანდელ ფეოდალურ პერიოდში მანდატურის მნიშვნელობით იხმარებოდა ტერმინები ბოქაული და იასაული.

მანდატურთუხუცესი, ერთ-ერთი ვაზირთაგანი და მანდატურების უფროსი. მას ხელმწიფის კარზე წესრიგის დაცვა და სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციათა შესრულება ევალებოდა. მანდატურთუხუცესის საგანგებო სამოხელეო ნიშანი „სამანდატურო არგანი“ (ოქროს ჯოხი) იყო. იგი თავისი რანგითა და პატივით ამირსპასალარს უტოლდებოდა. იყო შემთხვევები მანდატურთუხუცესის და ამირსპასალარის სახელების გაერთიანებისა.

ფეოდალურ საქართველოში სავაზიროში შემავალი ზოგიერთი უწყების ხელმძღვანელს საერთაშორისო თუ დიპლომატიურ ურთიერთობათა წარმართვა ევალებოდა და იგი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ჰქონდათ განაწილებული. მანდატურთუხუცესი უცხო ქვეყნების ელჩების ჩამოსვლას, მიღება-დაცვასა და სხვა მსგავს საკითხებს ადევნებდა თვალყურს. ამ კუთხით იგი საგარეო საქმეთა გამგის მოვალეობასაც ასრულებდა. მისდამი დაქვემდებარების ზოგიერთ თანამდებობაშიც (ამირეჯიბი, მესტუმრე) მსგავსი ვალდებულებანი იყო ჩადებული. XVII საუკუნეში მანდატურთუხუცესის თანამდებობა ეშიკაღასბაშმა შეცვალა.

ამირსპასალარი (არაბ.სპარს. ამირ - უფროსი, სპარს. სეფაჰსალარ - სარდალი), გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ვეზირი, მთავარსარდალი. განაგებდა მუდმივ ჯარს, მეფის მონა-სპას, სახასო მამულებიდან და საფეოდალოებიდან გამოწვეულ ლაშქარს და სხვა ქვეყნებში დაქირავებულ რაზმებს. ომის დროს ჯარის უშუალო ხელმძღვანელი იყო მეფის შემდეგ, ებარა სახელმწიფო დროშა და წინ მიუძღოდა ლაშქარს. სავაზიროს სხდომაზე სამხედრო საქმეთა განხილვისასაც მეფის შემდეგ პირველი სიტყვა მას ეკუთვნოდა. მეფედ კურთხევისას მას უნდა შემოერტყა მეფისთვის ხმალი. ამირსპასალარი ვეზირთა პირველ სამეულში შედიოდა ათაბაგსა და მანდატურთუხუცესთან ერთად. ზოგჯერ კი შეიძლებოდა ათაბაგის ან მანდატურთუხუცესის თანამდებობაც სჭეროდა. ჰყავდა პირადი მხლებელი. ამირსპასალარი პირველად გიორგი III-ის დროს წყაროებში იხსენიება (მანამდე ცნობილი იყო სპასალარი, რომელიც ადგილობრივ სამხედრო საქმეებს განაგებდა), მაგრამ ამ თანამდებობის არსებობა სავარაუდოა უკვე იმ დროიდან, როცა დავით აღმაშენებელმა სახელმწიფო წესწყობილებაში რეფორმები განახორციელა და მუდმივი ჯარი შექმნა. ამირსპასალარის სახელწოდების შემოღებამდე მთავარსარდალს სპასპეტი ეწოდებოდა, შემდეგ კი სპასპეტი აღნიშნავდა საერთოდ მხედართმთავარს. ამირსპასალარის უწყებაში შედიოდნენ ამილახორი, ზარდახნისუხუცესი და მათდამი დაქვემდებარებული მოხელეები. საქართველოს პოლიტიკური დაშლა-დანაწილების შედეგად ამირსპასალარის თანამდებობა მოისპო.

ბოქაული (თურქ.მონღ. ბუქავულ - მნე), ადმინისტრაციული აპარატის დაბალი მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. სახელწოდება "ბოქაული" საქართველოში XVI საუკუნიდან შემოვიდა. ამავე მნიშვნელობით იხმარებოდა ტერმინები მანდატური და იასაული. ბოქაულსა და იასაულს ხელჯოხიანები ეწოდებოდათ (არგნოსანი). ბოქაულს ევალებოდა სამეფო ხელისუფლების სხვადასხვა ხასიათის ბრძანებისა და განკარგულების შესრულება, განაჩენის აღსრულება, წესრიგის დაცვა და სხვა; მსგავს საქმიანობას ეწეოდა ბოქაულთუხუცესიც.

იასაული (თურქ. ბრძანების აღმსრულებელი), მმართველობითი და მართლმსაჯულებითი აპარატის დაბალი მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. მიეკუთვნებოდა ე.წ. ხელჯოხიანთა ჯგუფს. შეიცვალა გაერთიანებული საქართველოს დროინდელი მანდატური და არგნოსანი. საკუთრივ სააღმსრულებლო საქმის გარდა იასაულს გამოკვლევა-გამოძიების დავალებაც ეძლეოდა. მასვე განაწესებდნენ გამოსაღებთა ამკრეფ-გადამხდევინებლად და სამეფო სამეურნეო თუ სხვა სამუშაოთა ზედამდეგადაც. დასტურლამალით ცნობილია სამეფო იასაულების 2 დასი-ეშიკაღასბაშისა (23 კაცი) და ქარხნის ანუ საწყობის ნაზირის სახელოსი (17 კაცი); იასაულები სხვა სახელოებშიაც (სალაროში, დავთარხანაში) იყვნენ. არსებობდა სადედოფლო იასაულების დასიც (17 იასაული). თვითონ იასაულების გარდა იასაულობა, დაინტერესებული პირის თხოვნითვე, ზოგჯერ სხვა, უფრო გავლენიან მოხელესა თუ დიდ ფეოდალსაც ეკისრებოდა.

უსაფრთხო სკოლა
სკოლაში ბავშვი თავისი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს. სასწავლო დაწესებულება მისთვის სამაგალითო ადგილია.

ალბერტ ბანდურას „სოციალურ-კოგნიტური თეორიის“ თანახმად, ბავშვი ქცევას მოდელირების მეშვეობით სწავლობს - ანუ სხვისი ქცევის მიბაძვით. შესაბამისად, ხდება არამარტო პოზიტიური, არამედ ნეგატიური, სოციალურად არასასურველი ქცევების დასწავლა.

უსაფრთხოება არის ბავშვის სწავლის, აღზრდისა და განვითარების წინაპირობა, სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა უზრუნველყოს სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნა, დისციპლინის განმტკიცება და ძალადობის ფაქტების აღმოფხვრა. ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება. უსაფრთხო სკოლა გულისხმობს ნებისმიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ბავშვი დაცულია და დამყარებულია დისციპლინა, რომლის გარეშეც ნორმალური სასწავლო პროცესის წარმართვა შეუძლებელი იქნება. მოზარდის განვითარებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა სკოლის, ოჯახისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი უნდა იყოს, თუმცა საქართველოში არასრულწლოვანთა დანაშაულის ბოლო წლების სტატისტიკა და მოზარდებში გახშირებული აგრესიის ფაქტები ამ პრობლემის სიმწვავეზე მიუთითებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010-2011 წლების საგანმანათლებლო სისტემის სტრატეგიაში უმთავრეს პრიორიტეტებს შორის გამოყო - უსაფრთხო სკოლის კონცეფციის განვითარება და დანერგვა, რომელიც გულისხმობს სკოლებში ნოვაციური ინსტიტუტების შემოღებასა და ახლებური კონტროლის მექანიზმების დამკვიდრებას.

უსაფრთხო სკოლის კონცეფციის დანერგვა და განვითარება
- სასკოლო მანდატურების ინსტიტუტის შექმნა;
- სკოლების სამ საფეხურად დაყოფის პროცესის დაწყება დიდ ქალაქებში;
- მოსწავლის საკრედიტო ბარათების შემოღება და ფულის აკრძალვა სკოლებში;

უსაფრთხო სკოლის კონცეფციის განვითარება და დანერგვა მოიცავს:
- სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის შემოღებას;
- სკოლების დაყოფას სამი სასწავლო საფეხურის მიხედვით;
- ვიდეო თვალის მეშვეობით სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხო ზონების შექმნას;
- მოსწავლეებისთვის საკრედიტო საბარათე სისტემის შემოღებასა და მის მიბმას პორტალზე;
- მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად პროკურატურის, პოლიციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებებსა და სხვა სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრების ორგანიზებას;

1. მანდატურის ინსტიტუტის შემოღება - უსაფრთხო სკოლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. სკოლის მანდატური უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, მანდატური არ არის პოლიციელი. მას სკოლაში კონფლიქტებისა და დანაშაულის პრევენცია, ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარების გაწევა ევალება. მისი ფუნქცია მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. კონკრეტულად მანდატურთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 483-ემუხლი, რომლის შესაბამისად, სკოლის მანდატურის უფლება-მოვალეობებია:

ა) სკოლის შიდა და გარე პერიმეტრების კონტროლი;
ბ) სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი და გამოვლენილი სამართალდარღვევების აღკვეთა და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება (ცივი იარაღის ტარების, ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-მოხმარების, ჯანმრთელობის დაზიანების, თამბაქოს რეალიზაციის წესების დარღვევის, წვრილმანი ხულიგნობისა და სხვა ქმედების შესახებ, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და ხელს უშლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას);
გ) სკოლის სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დირექციის ან მასწავლებლის თხოვნით, სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათთან ინდივიდუალური გასაუბრება, მათ ქცევაზე დაკვირვება და მათი კონტროლი;
დ) მოსწავლეებისთვის სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და სისხლის სამართლებრივ დანაშაულებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება;
ე) მოსწავლეთა მშობლებისა და სკოლის დირექციის ინფორმირება სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა ქცევის შესახებ;
ვ) საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა, სკოლაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვა და მათი ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა;
ზ) დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის მედიატორის როლის შესრულება, კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და კონფლიქტის მოგვარება;
თ) სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრებში მონაწილეობა;
ი) სკოლის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი;
კ) სკოლაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამის საჯარო სკოლაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენა და სკოლის დირექტორისათვის და სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;
ლ) სკოლაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნა;
მ) დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური
გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენისა და ამოღების მიზნით პირადი გასინჯვის ჩატარება;
ნ) სპეციალური საშუალებების გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.

სკოლის მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს შემდეგ შემთხვევებში:
- სამართალდარღვევის აღკვეთისას და სამართალდამრღვევის დაკავებისას;
- მოსწავლეზე, მასწავლებელზე, სკოლის ადმინისტრაციასა და ტექნიკურ პერსონალზე და სკოლაში მყოფ პირზე თავდასხმის მოგერიებისას;
- სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს მისთვის წინააღმდეგობის გაწევისას;

დაკავებულის პოლიციისათვის წარდგენისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ დაკავებული მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემო მყოფთ.

სკოლის მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. იმავდროულად სკოლის მანდატური ვალდებულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს:

- გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ, მისცეს მას საკმარისი დრო მისი მოთხოვნების შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის სკოლის მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან გამოიწვევს სხვა მძიმე შედეგებს, ან როცა წინასწარ გაფრთხილება შეუძლებელია;
- ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენოს საფრთხის ხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს;
- ნებისმიერ შემთხვევაში, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში, წერილობით, სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსის მეშვეობით შეატყობინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
- საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სკოლის მანდატური არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო. მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა პირისთვის. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს სკოლის მანდატურის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სკოლის მანდატურისათვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

სკოლის მანდატურად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 20 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გავლილი აქვს შესაბამისი მანდატურის მოსამზადებელი კურსები. სკოლის მანდატურები საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილ, საგანგებოდ მათთვის გამოყოფილ ოთახებში განთავსდებიან და ვიდეო-კამერებით აკონტროლებენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრს, სამსახურებრივი მოვალეობის შერულებისას ატარებენ სპეციალურ ფორმას და აღჭურვილი არიან თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით.
2010 წლის 15 აპრილიდან, მანდატურები ტრენინგების გავლის, პრაქტიკული უნარ–ჩვევების გაცნობის და ფსიქოლოგიური ტესტების გავლის შემდეგ თბილისის საპილოტე სკოლებში შევიდნენ, სამკაციანი ჯგუფი, დაკომპლექტებულია ერთი ქალბატონისა და ორი მამაკაცისაგან. ამერიკული პროგრამის ფარგლებში, ყველა მანდატური სპეციალურ მომზადებას გაივლის. მანდატურების ფუნქცია მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა.

სამინისტროს ახალი ინიციატივის მიზანია სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.

2. სკოლების დაყოფას სამი სასწავლო საფეხურის მიხედვით - უსაფრთხო სკოლის კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის მიხედვით I საფეხურის სკოლებში მხოლოდ I-VII კლასამდე ბავშვები ისწავლიან. II საფეხურის სკოლებში მხოლოდ VII-X კლასამდე მოსწავლეები, ხოლო III საფეხურის სკოლებში მხოლოდ X–XII კლასის მოსწავლეები. საქართველოში სკოლა დაყოფილია დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად, მაგრამ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები ერთ შენობაში აგრძელებენ სიარულს, ახალი ინიციატივა კი მათი სასწავლო სივრცეების განცალკევებას და სხვადასხვა შენობებში სწავლას გულისხმობს. სკოლებში ძალიან ხშირია უფროს კლასელების მხრიდან დაწყებითი კლასების მოსწავლეების მიმართ დაცინვის, შეურაცხყოფისა და ძალადობის ფაქტები. უსაფრთხო სკოლის კონცეფციის მიხედვით კი სკოლების ასაკობრივი ნიშნით დაყოფა სკოლაში უმცროსთა ჩაგვრასა და მათზე მავნე ზეგავლენას გამორიცხავს, სასწავლო სივრცის დაყოფა გაზრდის ადმინისტრაციის ეფექტურობასაც და შედარებით მცირე ჯგუფზე კონტროლის მეტი შესაძლებლობა შეიქმნება.

სკოლების ასაკობრივი დაყოფა დასავლეთის ბევრ განვითარებულ სახელმწიფოში (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, აშშ) უკვე ათწლეულებია არსებობს, საქართველოში კი ჯერჯერობით მხოლოდ დაგეგმვის სტადიაზეა და უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

3. ვიდეო თვალის მეშვეობით სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხო ზონების შექმნა -კონტროლის კიდევ ერთი ახალი მექანიზმია, რომელიც მანდატურებს მოსწავლეთა გაკონტროლებაში და სკოლაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. სკოლაში დამონტაჟებული ვიდეო თვალების სისტემა, მანდატურებისა და დირექტორის კომპიუტერზეა შეერთებული და დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სკოლების შიდა და გარე პერიმეტრის მუდმივი კონტროლი განხორციელდება.

4. მოსწავლეებისთვის საკრედიტო საბარათე სისტემის შემოღება და მისი მიბმა პორტალზე - უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ნაწილია, რომელიც რამდენიმე საპილოტე სკოლაშია ამოქმედებული. ახალი ინიციატივა გულისხმობს სკოლებში (სკოლის სასადილოებში) ფულით ვაჭრობის აკრძალვას, მოსწავლეებს მხოლოდ საკრედიტო ბარათების გამოყენება მოუწევთ, რაც თავის მხვრივ სკოლაში მოსწავლეთა შორის ფულის გამოძალვის ფაქტებს და ზოგადად ფულთან დაკავშირებულ სხვა გაუგებრობებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

5. მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად პროკურატურის, პოლიციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებებსა და სხვა სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრების ორგანიზება - უსაფრთხო სკოლის რეფორმა გულისხმობს სკოლებში არა მხოლოდ გარკვეული კონტროლის მექანიზმების დამკვიდრებას, არამედ თავად მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებებზე და სხვა სამართლებრივ საკითხებზე, რადგან სწორედ მოსწავლეთა მაღალი მართლშეგნების დონის მიღწევის შემთხვევაში არის შესაძლებელი უსაფრთხო სკოლის რეფორმის წარმატებით განხორციელება. ადამიანის ძირითადი უფლებებისა და მათი პრაქტიკული რეალიზაციის საშუალებების შესახებ მოსწავლეები სათანადოდ ინფორმირებულები უნდა იყვნენ, იურიდიული განათლება სამოქალაქო განათლების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. პროკურატურის, პოლიციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება და მათი პრაქტიკული საქმიანობის გაცნობა კი მოსწავლეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისათვის საუკეთესო საშუალებაა.

პროექტის ანგარიში