“უფლებები და თავისუფლებები - კავშირი”
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
წესდება
საქართველო
თბილისი
2009 წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- “უფლებები და თავისუფლებები - კავშირი” _ /შემდგომში “კავშირი”/ დაფუძნებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმით და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.
- კავშირის სახელწოდებაა: ა.ი.პ. “უფლებები და თავისუფლებები - კავშირი”.
- კავშირი რეგისტრაციის მომენტიდან წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, განცალკავებული ქონება, საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები.
- კავშირი უფლებამოსილია თავისი სახელით დადოს გარიგებები, შეიძინოს ქონებრივი, პირადი არაქონებრივი უფლებები და იკისროს მოვალეობები, იყოს მოსარჩელე ან მოპასუხე სასამართლოში.
- კავშირს აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით და ემბლემით, შტამპი და ყველა საჭირო რეკვიზიტი.
- ვებ-გვერდის მისამართი: http://freedom.org.ge
მუხლი 2. კავშირის საქმიანობის მიზნები
1. კავშირის საქმიანობის მიზანია:
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში:
- სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა;
- სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა;
- თავისუფლებააღკვეთილი პირების დაცვა წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან;
- ეროვნულ უმცირესობათა დაცვა;
- მამაკაცებსა და ქალებს შორის თანასწორობის დამკვიდრების ხელშეწყობა;
- რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლა;
- საინფორმაციო საშუალებებში აზრისა და ინფორმაციის გამოხატვის თავისუფლების, აგრეთვე, სხვადასხვა ქვეყანას შორის იდეების გაცვლისა და კომუნიკაციის თავისუფლების განმტკიცება;
- ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ცოდნის დამკვიდრების ხელშეწყობა.
საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა.
2. თავისი მიზნების განსახორციელებლად კავშირი:
- თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
- ეწევა საგანმანათლებლო – შემეცნებით საქმიანობას;
- ეწევა სამეცნიერო, საგამომცემლო და მთარგმნელობით საქმიანობას;
- ქმნის იურიდიული მომსახურების ცენტრებს და ეწევა საადვოკატო საქმიანობას;
- სამართლებრივი ექსპერტიზის, შეფასებისა და მონიტორინგის, ასევე პოზიციების გამოხატვის გზით აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ – პოლიტიკური საკითხების განხილვაში;
- ქმნის კავშირის სტრუქტურულ ერთეულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
- ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს;
- ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ იკრძალება კანონით.
მუხლი 3. კავშირის დამფუძნებლები
1. კავშირის დამფუძნებელია:
ლობჟანიძე ნათია
2. კავშირი არ არის დაფუძნებული წევრობაზე.
მუხლი 4. კავშირის ქონება
- კავშირის ქონება იქმნება საწევრო შესატანების, შემოწირულობების და სხვა კანონით ნებადართული შემოსავლებისაგან.
- კავშირის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მის საწესდებო მიზნებს.
- კავშირის შემოსავლებიდან შეიძლება შეიქმნას სარეზერვო, საქველმოქმედო და სხვა ფონდები.
მუხლი 5. კავშირის მართვა
- კავშირის სახელით გადაწყვეტილებას იღებს კავშირის დამფუძნებელი.
- კავშირის ხელმძღვანელია დირექტორი.
მუხლი 6. კავშირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და კავშირის დირექტორი
- კავშირის დირექტორი ინიშნება კავშირის დამფუძნებლის მიერ.
- კავშირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია კავშირის დირექტორი.
მუხლი 7. კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
- კავშირის ლიკვიდაცია ხდება:
- ა) რეგისტრაციის გაუქმების შედეგად;
- ბ) დამფუძნებლის გადაწყვეტილებით;
- გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
- გადაწყვეტილებას კავშირის ნებაყოფლობითი ლიკვიდაციის შესახებ ღებულობს კავშირის დამფუძნებელი.
- კავშირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, დამფუძნებელი ვალდებულია დაამთავროს მიმდინარე საქმეები.
- კავშირის რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- კავშირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შემთხვევაში კავშირის ქონების განაწილება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|